ტექსტი

* * * დე, ასე ქროდეს, ქროდეს და ქროდეს

ჭილაძე ოთარ

40769 ნახვა · დღეს 18

დე, ასე ქროდეს, ქროდეს და ქროდეს,
ფრთებდაგლეჯილი ქვითა და ქვიშით...
მე მინდა ჩემგან სახსოვრად გქონდეს
ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.

ეს სულ არ არის ამინდის ბრალი,
არც ღვინის ბრალი... მეც ვგრძნობ და ვიცი,
თუმცა ხეები გვანან დღეს მთვრალებს
და მტკვარიც თითქოს შიგნიდან იწვის.

ეხეთქებიან ტოტები ტოტებს,
ზეცას იკლებენ ვაით და ვიშით.
და მაინც, ჩემგან სახსოვრად გქონდეს
ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.

1957

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე