ტექსტი

* * * "ვინც გინდა იყოს"

ლებანიძე მურმან

10365 ნახვა · დღეს 1

ვინც გინდა იყოს,
კიდევაც რომ რუსეთი სძულდეს,
ვერ გეტყვი რად და 
დამარცხება რუსეთის სურდეს.
 
იყოს, ვთქვათ, თურქი,
გერმანელი, ჩინელი, ფრანგი -
ჩამოთვლა მათი 
არ არისო, შენ ამბობ, კარგი -
 
ჰო, კი, ბატონო!
ჩახედული საქმეში თუა,
აზროვნებს თუკი,
თუ აქვს გული და თუ აქვს ჭკუა,
 
არ შეიძლება,
არ იქნება, პატივი არ სცეს
დღეს მეცხრამეტე 
საუკუნის რუსეთის კაცებს! . . 
 
კი, შესაძლოა, -
ძლიერება რუსეთის გშურდეს,
მაგრამ რა პირით,
რა ნამუსით პუშკინი გძულდეს?!
 
კი, გძულდეს ერი -
ზოგი თხისკენ და მგლისკენ ზოგი -
თქვი, არ გიყვარდეს
რა მიზეზით, სიტყვაზე, ბლოკი?!
 
ან დოსტიევსკი, -
ძე-კაცისას რომელიც ხედავს
სულის უფსკრულებს,
და კაცთათვის კურცხალი სწვეთავს?!
 
მეხრამეტედან 
მეოცეში გამოსცემს ექოს
მათრახი ვისიც -
რა მინდაო, რას ეტყვი ჩეხოვს?!
 
და ლომისთავა
მაგ ტოლსტოის რას ეტყვი ბოლოს,
რომლის უმაღლეს,
სადღაც იქვე, უფალი ცხოვრობს?!
 
მაინც, რა იყო
საუკუნე უცებ ცხრამეტი -
გამოუყვანა 
რანაირი რუსეთს ამინდი,
 
რომ იშვნენ კაცნი
მის წიაღში დიდთაგან დიდნი.
საკაცობრიოდ 
ქმნილებანი დააწყვეს მკვიდრნი!
 
იმ მეცხრამეტემ -
და მეოცეც სთთვალავშია -
ტყაპუჭიანი
ეს რუსეთი ხალხად აქცია . . .
 
მე უცხო ეტლში
ვერ იტყვი, რომ ოდესმე ვმჯდარვარ.
არამც და არამც
შენც იცი, რომ მედროვე არ ვარ.
 
და მეტიც - ის ვარ,
ვინც შენსავით ცის გახსნას ელის.
მწამს ჩემი ჯიშის,
ჩემი სისხლის და ჩემი გენის.
 
და მაინც გეტყვი:
რწმენა ჩვენი - დია კარგია.
ბრმა სიძულვილი -
ვერაფერი იარაღია!