ტექსტი

საკლასო დაფა (მთარგმნელი: ჯემალ მჭედლიშვილი)

ტაკამი ძიუნ
ქათქათა ფარდებს
საავადმყოფოს პალატის ფანჯრებზე
საღამოს მზე ელამუნება.
პალატა კლასს ჰგავს.
მახსენდება, როცა სკოლაში ვსწავლობდი,
ჩემმა საყვარელმა მასწავლებელმა
(იგი ინგლისურს გვასწავლიდა),
აკურატულად გაწმინდა დაფა
და იღლიაში წიგნამოჩრილმა
გვითხრა: "ნახვამდის, მეგობრებო!"
როცა ის კლასიდან გადიოდა
საღამოს მზის სხივები
მხრებზე ეფერებოდნენ.
ძალიან მინდა ისე წავიდე ამ ცხოვრებიდან,
რომ წასაშლელი წავშალო და ვთქვა: "ნახვამდის, მეგობრებო" -
ზუსტად ისე, როგორც ოდესღაც ჩემმა მასწავლებელმა,
რომელიც გაკვეთილის შემდეგ კლასიდან გავიდა.