ტექსტი

* * * მარმარის ნატეხს - გამომზირალს ცივად და მკაცრად (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

ბუონაროტი მიქელანჯელო

1516 ნახვა · დღეს 19

მარმარის ნატეხს - გამომზირალს ცივად და მკაცრად -
რად დაემგზავრა, მშვენიერო, ხვედრი კეთილი? -
და წარმავლობას - უკვდავებად გამოკვეთილი
ქმნილება ებრძვის შემოქმედის ჯუფთად და ნაცვლად.

შედეგი რჩება სრულქმნილებად, მიზეზი - ნაცრად,
და ხელოვნება ბუნებაზე - მსახვრალ ბედივით
იმარჯვებს თითქოს, რათა ჟამი მიწყივ მედინი
ქვის ქმნილებაში ჩაამკვიდროს, ჩადოს და ჩაწნას.

ასე, საჭრეთელს შეუძლია სულ სხვა მისნობა,
რომ ჩვენს სიცოცხლეს მიანიჭოს მარადისობა;
და როს სხეული ხრწნადობისთვის შეემზადება,

შენ, ქვადქცეული, გააგრძელებ დროში მგზავრობას
და ქმნილებაში ჩაძერწილი შენი ხატება
ჩვენს სიყვარულზე მოუყვება შთამომავლობას.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე