ტექსტი

გაბოს ზარნაშო, პაპა გიგია და დიდგორული ქარიშხალი გაესაუბრნენ

წიკლაური მამუკა

2727 ნახვა · დღეს 22

მამალი აღარ ყიოდა, ეტყობა, მოკვდა.
ძაღლი აღარ იყეფებოდა, ეტყობა, მგლებმა შეჭამეს.
კვდებოდა გაბო - უკანასკნელი მკვიდრი სოფლისა.
თოვლმა ამოქოლა სარკმლები
და ავადმყოფმა აღარ იცოდა - გარეთ დღე იყო თუ ღამე იყო.
სიბნელითა და დუმილით ჰქონდა გამოტენილი პირი და მზერა.
ავად იყო - ავი დევი ბობოქრობდა მის გულ-გვამში
და გარეთ დევნიდა გაბრიელის სულს.
სიცხისგან გათელილ ავადმყოფს ზარნაშომ შემოჰკივლა...
კიდევ და კიდევ გამეორდა შემოკივილი.
გაბო მიხვდა, რომ მას ზარნაშო კი არა,
სიკვდილი შემოჰკიოდა:
- ნუ გეშინია, შენკენ მოვდივარ,
მე გამოგიხსნი მაგ სიბნელიდან!..
ზარნაშო რომ მიჩუმდა,
ახლა ოცი წლის წინათ გარდაცვლილი პაპა გიგია გამოელაპარაკა:
- ჰკვდები, გაბრიელ?..
აბა, შენ იცი, კაცურად მოკვდი!
ტან-ფეხი გაშალე, სახე დაილაგე,
სიკვდილს მოკუნჭული და ელდანაჭამი ნუ დახვდები!
დაუამრხავი არ დარჩები. გზა გაიხსნება -
ან მონადირე ჩამოივლის, ანდა შვილები მოგაკითხავენ.
სახლის კარები მაგარია, მანდ ნადირი ვერ შემოაღწევს...
...მერე დიდგორის ქარი გამოელაპარაკა გაბრიელს,
მაგრამ ქარს უკვე აღარავინ უსმენდა...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე