ტექსტი

* * * ნუ დამპირდები

ორჯონიკიძე იზა

4649 ნახვა · დღეს 26

ნუ დამპირდები,
ნუ,
ნურაფერს ნუ დამპირდები,
ჰგავს საჩხაკუნოს,
აკვნებზე შებმულს,
ვაშლის კვირტები.
ეს გაზაფხულიც,
გაპუწული,
ყვითელქოჩორა,
დღეს ჩემი სულის ასაწეწად
მიწამ მოჭორა.
მიწამ მოჭორა
თეთრი მტრედი,
ზეცის ნაღები,
დღემოკლე ჩრდილიც,
ეფარვიან რომელს გლახები,
გულისა ცემით
და შარაგზად გაბეზრებული
მეოცნებენი,
მელექსენი -
გიჟთა კრებული!
ყველა,
ვისაც კი
ქარიანი ცეცხლი ეკიდა.
მე ვწყევლი,
ვწყევლი
ვინც სიყვარულს
მიმცა შეგირდად...
გესმის გრიალი?
გული გასკდა,
განა კვირტები!
ნუ დამპირდები!
ნუ დამპირდები,
ნუ, გაზაფხულს ნუ დამპირდები...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე