ტექსტი

* * * მენატრებოდა ცხოვრება მთელი

ნახუცრიშვილი გაგა

2167 ნახვა · დღეს 19

მენატრებოდა ცხოვრება მთელი,
ცხოვრება მთელი ჰგავდა არაფერს,
უძრავად იდგნენ დაღლილი მთები,
და ყვავილები ფანჯრის რაფაზე.

ენატრებოდათ ხმელეთი აფრებს,
ნაპირი ჩანდა შორს დიდებული,
უეცრად სადღაც სიტყევბი გაჰქრნენ
და დარჩა მხოლოდ შორისდებული.

ვიღაც ნატრობდა ზამთარში ბინას
და სახე ჰქონდა ცივი და სველი,
სხვა უდაბნოში ელოდა წვიმას,
ფიქრებში ღრუბლებს ჩასჭიდა ხელი.

მენატრებოდა ცხოვრება მთელი,
ცხოვრება მთელი ჰგავდა არაფერს,
სადღაც წავიდნენ დაღლილი მთები,
ყვავილიც გაქრა ფანჯრის რაფაზე.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე