ტექსტი

სადღეგრძელო

ხარანაული გოჩა

798 ნახვა · დღეს 18

გალაკტიონს გაუმარჯოს! გაუმარჯოს გალას!
ქართულ ძუძუს! ქართულ ბაგეს! ქართულ თავის ქალას!
გაუმარჯოს ქართულ მხარ-მკლავს, იმათ ბრძოლით მოღლას!
ქართულ სიტყვას! ქართულ სუფრას! ლეონიძე გოგლას!
გაუმარჯოს ქართულ ზეცას და ვარსკვლავებს უთვლელს!უფლის შეგირდს გაუმარჯოს _ გასაოცარ რუსთველს!
გაუმარჯოს ქართულ ანბანს, ზღვათა შესაკრებელს!
კავკასიონს გაუმარჯოს, ქართველივით ბებერს!
და სიკვდილსაც გაუმარჯოს _ სიცოცხლეთა მიზანს!
მარადიულ სიჭაბუკეს, გაუმარჯოს მირზას!
ვინც გული ალმოდებული მამულის ფერხთ დადო,
დევს შეება ასთავიანს _ გაუმარჯოს ლადოს!
გაუმარჯოს ქართულ გუთანს, ქართულ ქედს და მაჯას,
რაზიკაშვილს გაუმარჯოს _ სულცისკრიან ვაჟას!!!
ქართველ დედას გაუმარჯოს!
და ნატერფალს მისას!
ხუთკუნჭულას, ხარს წიქარას, გულთამხილველ მისანს!
დაიჩოქეთ!
წინაპრები სათათბიროდ სხედან!
დედამიწა არ ეღირსოს
საქართველოს ცხედარს!!!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე