ტექსტი

მოჩანს დაღმართი

თექთუმანიძე მარინა
დღემ გააფითრა კიდევ ერთი ღამე _ უძილო,
სულს ბორკილები რომ ავხსენი, სად გადავყარო!
მწუხარე გულმა ერთგულება ვერ მოიცილა,
შვილის სიცოცხლით მთელი მისი ცოცხლობს სამყარო.
მთვარე ჩამოხსნის დედის მანდილს და დედის ბუდეს,
ღამე აშიშვლებს ტკივილს _ სხვისთვის კვლავ უკარებას,
ცრემლიანია ის ბალიში, დედას რომ უდევს,
წვეთ-წვეთ იღვრება შვილზე დარდად და მწუხარებად.
ზღაპარს წააგავს ყოველი დღე სწრაფად გადათვლილს,
ცხოვრების სიბრძნით ჩაღრმავებულს და უნაპიროს...
ცოლის ბრძანება _ `დედაშენის გული მომართვი~.
გულის ძახილი _ `რამე ხომ არ გეტკინა, შვილო!~..
ვერ დაგინაყრე მომავალი, ვერ გისახსოვრე,
ვერც საამაყო სიმდიდრე და ვერც სათაკილო,
ხელის კანკალით ვკემსავ წინდებს, უფრო კი _ დარდებს,
ვინძლო კარს მომდგარ ცივ ზამთარშიც გაგიძლოს, შვილო.
მოჩანს დაღმართი, დაღმართს ისევ დაღმართი მოსდევს,
აღარ მიზიდავს აღმართები, გაზაფხულები...
თავქვე ვეშვები, ნეტავ როდის ჩავალ ბოლომდე,
რომ უფსკრულიდან ვეღარ მოგწვდე ამ ერთგულებით.
პარტნიორი techbro.ge