ტექსტი

ეპიტაფია

რეხვიაშვილი ნიკო

692 ნახვა · დღეს 21

ჩემი საძმო და სადაო,
აღარ სჩანს აღარსადაო,
მივფარებულვარ, სოფელთან
არ დამრჩენია სადაო!
წამი რაა და რითია...
რად დავთმე, რაც დამითმია;
აწცა ზრახვანი ყოველთა
ზღაპარია და მითია.
ფიქრი კეთილთა, ავსულთა,
წავიდა, გადაწარსულდა,
მომხდარა მოსახდენელი,
თუმცა რაც მოხდა – არ მსურდა.
უდარო, უამინდოო,
საწუთრომ თუ არ მინდოო,
აქ ვპოვე ჩემი სამკვიდრო,
აქ უნდა გავირინდოო!
ეს ზეცა, ეს მიწა მწამდა,
ჟამი წამიერ წამწარდა,
ვარსკვლავთა ჩუმი წამწამი
მიიწვა და მიწამწამდა.
აქ და იქ ცა – საძილეო,
ძილი ძილს დაუწყვილეო,
შენ დამიფარე, უფალო,
გავმხდარვარ სადუმილეო...
ჩემი საძმო და სადაო,
აღარ სჩანს აღარსადაო,
მივფარებულვარ, სოფელთან
არ დამრჩენია სადაო!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე