ტექსტი

*** "ფერების ლხინი"

ხორნაული ვაჟა

4705 ნახვა · დღეს 20

ფერების ლხინი (დარი რომ არი),
მეწყერო, გზა და ბულული.
ნისლის ტალღები ყვავილოვანი
და სიმსუბუქე სალამურული.
გადარჩენილი საშინელებას _
ბან-გუმბათების აბალახებას.
ცის მხარეებში აფრინველება,
ზღვის სიღრმეებში ჩაკალმახება.
მზერა _ კოცონში ნამის მკრეფელი,
ოქრო სიჩუმის და მზის ქნარების.
შორს მწვერვალები _ ლაღნი მეფენი
და მთები, როგორც ამირბარები.
ღმერთის გულივით თბილი ფიცრული,
ნათება სიბრძნის, ალბათებურის,
სამოთხის გავლით მზესთან მისული
და კიდევ ერთხელ დაბადებული.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე