ტექსტი

მაისი

ჭუმბურიძე დოდო

678 ნახვა · დღეს 16

მაისი ტანზე თეთრად მიმათოვს,
მთენთავი სუნი ექნებათ კორდებს,
ისეთი რამე უნდა ვინატრო, _
ახდენის ცოტა იმედი მქონდეს.
ნეტავ სულ ასეთ სიზმრებს აფენდეს
და აელვებულ ცისკრებით თოვდეს,
ამგვარად სცემდეს ტრფობა საფეთქლებს
და ქარი ამგვარ სიგიჟით ჰქროდეს.
ღამეს ათევდეს და ვერც ათევდეს,
სული სიცხიან ბავშვივით თრთოდეს,
გრიგალმა ჩვენში დაიბინადროს
და სივრცე ლამაზ ოცნებად გვფლობდეს...
ისეთი რამე უნდა ვინატრო, _
ახდენის ცოტა იმედი მქონდეს...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე