ტექსტი

ზედაზენზე

ხოდაშნელი შოთა
...დუმილის სადგური, ტაძარი.
მრუმეა ფრესკების თვალები.
ნივთები სუნთქავენ კანკალით
წარსულის ჩუმ იდუმალებას.
კედელს შერჩენია ჯვარცმული,
ძე კაცის – გოლგოთას თუ მიდის.
ო, აქ დუმილია – წარსულის,
ო, აქ სიწმინდეა დუმილის...
აქ საკმეველია დაღვრილი,
გასულა სულ ბოლო მლოცველი.
ტრაპეზზე დაფურცვლით დაღლილი,
ძველი სახარება ოცნებობს...
შედიხარ, დუმილი ირწევა,
და სანამ არ უნდა იცდიდე,
აქ ხელშესახებად იგრძნობა
სუნთქვა უუძველეს სიწმინდის!
პარტნიორი techbro.ge