ტექსტი

ფიქრი

ჯინჯოლია აპოლონ

260 ნახვა · დღეს 18

რა უნდა იყოს ფიქრზე თამამი, –
ზესკნელ-ქვესკნელის ძალუძს შეღება.
მე ვფიქრობ ახლა, მე ვფიქრობ ახლა
და ვგრძნობ ვიღაცის ფიქრის შეხებას, –
ფიქრის შეხებას, ფიქრის შეხებას
თითქოს ყორანმა ავად შეჰყეფა.
ასე ადვილად ვინ გადალახოს
დრო-ჟამი ანდა სივრცე უვალი,
მიჩხრიკ-მოჩხრიკოს საუკუნენი, –
ტროა... ლაზიკა... თებე... თუბალი...
სხვა არაფერი არ მეგულება,
ფიქრო, შენსავით თავისუფალი.
ხან უცნობ მხარეს გადიხვეწები,
უდაბნოს აქცევ სამოთხის ბაღად,
აშენებ, ანგრევ, იკვლევ, მიელტვი,
ხან გაბოგინებს მოგონებაღა.
სად არის მიწა, – არ გადალახო,
სად არის წყალი, – არ გადასცურო...
ვინ გსურს სიმაღლით გააამაყო,
ვინ გსურს დაღუპო, ფიქრო მაცდურო?
ო, ბედნიერთა ლაღო მეგზურო,
ოი, ნუგეშო არასმქონეთა...
ეს ვისი ფიქრი მიახლოვდება,
ვით დედამიწას უცხო კომეტა?!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე