ტექსტი

აღსარება

გიგაური გიორგი

1311 ნახვა · დღეს 20

გამაგულადე, როგორც კვირია,
და ჩემი ჩანგიც შენვე მომართე,
შენ ჭერქვეშ,
რაღა გასაკვირია,
ვიმღერო სულის ამოხდომამდე.
მთებზე გამკიდე ცისარტყელებად
და ჩამაფინე ხევში ნისლებად,
გავუძლებ ქარის ამოხველებას,
იმედის წყარო არ დამიშრება.
გინდაც მისროლე თერგში ლოდივით
ვერ გამახელებ ერთგულს და მორჩილს,
არ მეშინია ამ მოლოდინის,
ვარ შენი სისხლი და შენი ხორცი.
ჩემი სხეული მაინც აღსდგება
შენი სითბოთი და შენი მადლით
და სიყვარულის გასანაღდებლად
კიდევ ვიპოვი დროსა და ადგილს.
მე გავაღვიძებ ქარაფებს მძინარს,
შენმა სიმაღლემ თუკი ინება
და არ დავრჩები გაწყვეტილ სიმად,
არც დაკვეხნებად,
არც დაპირებად!..

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე