ტექსტი

მუნჯი

ქელეხიძე ნანა

2726 ნახვა · დღეს 1

...

მე შემიძლია სულაც გავჩუმდე.
ჩავიგუბო პირი მკვდარივით.
ავიღო კოვზით შავი მიწა და
შაქარივით მოვიყარო გამშრალ ენაზე.
შავი ფერი აქვს ყველა დუმილს.
ლოდის სიმძიმე
და ზამთრის გემო.

მე შემიძლია იმდენ ხანს ვდუმდე,-

მიწამ ყლორტები გამოიღოს,
მიწამ ფესვები გამოუშვას,
ჩამეზარდოს ყელში მკერდამდე.
მიწამ ფოთლები გამოუშვას,
მიწამ ნაყოფი გამოიღოს-
მწიფე მარცვლები.
მერე გეგონოს რომ მე მოვკვდი,
მერე გამართლდეს რომ მე მოვკვდი
მერე იცინო.
მერე წამიღონ მიწით სავსე,
მერე დამმარხონ შენით სავსე,-
სავსე სიცივით.

დილით ავიღე კოვზით მიწა
და შაქარივით მოვიყარე გამშრალ ენაზე.

ახლა მუნჯი ვარ.
.