ტექსტი

სხვა გაზაფხული

ხალვაში ფრიდონ

მიწიდან ისევ ამოდის ია,
ტყე აუვსიათ სიმღერით ჩიტებს,
შეყვარებულის გულივით ღია
ზეცა ნაზამთრალ ქედებს ამშვიდებს.

და მიხარია, რომ თეთრ ყვავილში
ტყემლის კაკალი მწვანედ მაგრდება,
თან გული მწყდება: ფერი გაივლის, _
ეს გაზაფხული მე დამაკლდება.

 

1964