ტექსტი
სხვა გაზაფხული
ხალვაში ფრიდონ52730 ნახვა · დღეს 1
მიწიდან ისევ ამოდის ია,
ტყე აუვსიათ სიმღერით ჩიტებს,
შეყვარებულის გულივით ღია
ზეცა ნაზამთრალ ქედებს ამშვიდებს.
და მიხარია, რომ თეთრ ყვავილში
ტყემლის კაკალი მწვანედ მაგრდება,
თან გული მწყდება: ფერი გაივლის, _
ეს გაზაფხული მე დამაკლდება.
1964