ტექსტი

კი, დრო თავზე მაწვება...

ხალვაში ფრიდონ
კი, დრო თავზე მაწვება,
მაინც თითქოს ვიზრდები,
ღალატს, არაკაცობას
თოფად დავემიზნები.

თოფად დავემიზნები
უგულო რომ დიდგულობს,
იწერება წიგნები,
წიგნებს არვინ კითხულობს.

ბწკარში სინდისს ჩავწურავ, _
ფიქრობ სნეულს მოარჩენს,
ვეღარ გცნო ძმამ, ავსულმა,
რადგან სურდი მონად შენ.

კარგს ვნატრობ და მოველი,
მესევიან სიზმრები,
ბოროტებას ყოველთვის
თოფად დავემიზნები.


1997