ტექსტი

დავიღალე...

სტურუა ლია

18612 ნახვა · დღეს 22

დავიღალე,

გახამებულ ყელს ნიკაპამდე

ვეღარ ვიწევ, რბილდება,

ჯინსებზე ჩასაცმელი ხდება,

სხვების დასანახ ცხოვრებაში

ფოტოგამოფენას ვტოვებ,

იქ ყველაფერია: შავ-თეთრი ეტიკეტი,

მარგალიტები, ღიმილი, რომლისთვისაც

ჯერ ხელი არ ჩამომისვამს,

მიკერძოებული მაყურებელი მყავს,

სუფთა შუბლებით მიტევს,

ტაბულა რაზებით,

ხელნაწერები აქეთ მკითხულობენ:

პირდაპირ შუბლში კორექტურა

და მორჩა...

სადღაც ჩემთვის ლეღვის ხე

შაქრდება და შაქრდება,

ბუნებრივად, ძალდაუტანებლად,

და არ იცის, რომ სამოთხეა... 

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე