ტექსტი

ადამი

აჯიაშვილი ჯემალ

2009 ნახვა · დღეს 24

"და გამოაძევა ღმერთმა იგი ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა
მიწა, რომლისგანაც შექმნა. და შეიცნო ადამმა ევა..."
                                                                     ბიბლია
 
ეს მე ვარ _ ადამ: ვნებით მთვრალი, მთვრალი ევათი,
ხელში მიჭირავს მწიფე ვაშლი, ვაშლი სარტოვე
და მომაქვს წლები _ მძიმე ჯვარი და სიმარტოვე _
წლები, რომლებსაც სამოთხეში უქმად ვწელავდი.
წინ მიდევს ტევრი _ გაუვალი, გაუღწევადი,
ძირს რომ დამეც და მარტოობის ტორით დამტორე, _
ო, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ დამტოვე,
რისთვის დამაჭდე სევდიანი ფიქრის სევადი.
ნეტავ, ჩაგეხშო ჩემი ტანი და ჩაგეკლიტა,
ცოდვა არ გეშვა თავგასული ჩემი ნეკნიდან;
გაღმით ცა დამცქერს _ მოხატული შენი თითებით,
სიკვდილის ბინდით ამთავითვე დანაბინდი ვარ
და ვილტვი, ვილტვი განკიცხულის გაბედითებით,
მივდივარ, მაგრამ, ღმერთო ჩემო, საით მივდივარ?!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე