ტექსტი

მომღერალი ჩხიკვი

ჩიღვინაძე გივი

819 ნახვა · დღეს 1

ცხრათვალა მზე ტყის ნაპირას

შემოდგომის მდელოს ხედავს,

ბაჭიები ჩირგვთან წვანან,

ჩიტუნები ხეზე სხედან,

მთის ნიავი ყვითელ ფოთლებს

ათრთოლებს და ათამაშებს,

_ მოდი, ერთად ვიმღეროთო, _

ეუბნება ჩხიკვი შაშვებს.

_ კი ბატონო, _ უთხრა შაშვმა,

შეეცვალა თუმცა ნირი,

სალამური მოიმარჯვა,

მოამზადა გუდა-სტვირი.

ხოლო ჩხიკვმა დასაკრავად

დაიჭირა წვრილი ჩხირი,

სულ ჩხავილით გააყრუა

მოშრიალე ტყის ნაპირი.

_ გაჩუმდიო, _ ჰკადრა შაშვმა,

ოდნავ გაჰკრა მხარზე მხარი, _

ჩხირზე დაკვრა გაგონილა?

კი არ მღერი, მხოლოდ ჩხავი!

ეგრე ჩვენთან ვერ იმღერებ,

სხვა ვინმე გყავს სანახავი,

სად შენა და სად გალობა?

დაგვანებე, ძმაო, თავი...

_ რა ვნახეთო! _ ჩიტუნებმა

ეს ამბავი ყველას ამცნეს,

მომღერალ ჩხიკვს დასცინიან:

_ ნახეთ, ნახეთ, როგორ გვარცხვენს!..

ჩურჩულებენ ხის ფოთლებიც

და სიცილით ძირს ცვიციან,

იცინიან ბაჭიებიც,
მზის სხივებიც იცინიან.