ტექსტი

* * * "ხანდახან ხდება რომ.."

საჯაია გიორგი

17534 ნახვა · დღეს 22

ხანდახან ხდება, რომ 
ტანში გაგაციებს... 
წართმევით ფეხების, 
არაამქვეყნიურს 
მე ვგრძნობ გრადაციებს 
დროს, შენთან შეხების. 

მზერაში არეკლილ 
ტალღების ღელვათა 
ჯადოსნურ მანევრით, 
მართობ და განმგმირავ, 
ზეციურ ელვათა, 
მჭრი, ბასრი სატევრით. 

მთრგუნავ და მაბრმავებ, 
მამუნჯებ სამარის 
აღთქმული სიმუნჯით. 
მუხლებზე მაჩოქებ 
დედოფალ თამარის 
დარ თვალთა სილურჯით 

და მკლავ და მაცოცხლებ - 
ჯვარცმაში ნამყოფთა 
წამებით მაწამებ, 
უთვალავ კითხვებად 
მამრავლებ და მყოფ და 
მაკლებ და მაჯამებ... 

და ზოგჯერ ხდება, რომ 
ტანში გაგაციებს... 
წართმევით ფეხების, 
არაამქვეყნიურს 
მე ვგრძნობ გრადაციებს 
დროს, შენთან შეხების. 

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე