ტექსტი

აქ ნუ დადგებით

ქევანიშვილი ეკა

2491 ნახვა · დღეს 19

ეს მიწა - კრემიანი ნამცხვრის შუა ნაჭერი ჩვენ გვეკუთვნის.
ხიდის აქეთ ხალხს.
აქ ნუ. თქვენ შუა. ჻ვენ ნაფშვენები. თქვენ ცარიელი ქილა გატლიკეთ.
სასეიროა ენას როგორ გადაისერავთ.
ძალიან დიდხანს ყიდდით ხამსას - სუნი გულს გვირევს.
დიდხანს მარხავდით მკვდრებს- გვეშინია.
და დიდხანს დარჩით უღელტეხილზე - სუსხი ჩამოგყვათ.
ოდნავ მარჯვნივ გადაიწიეთ. უფრო კიდისკენ, უფრო ახლოს გადასავარდნთან.
როცა არავინ შემოგვხედავს, მოგაწვებით და გადაგთელავთ.
აქ ნუ დადდგებით.
ბებერი ქალი თავის ენაზე: ‘ჩვენ ვცხოვრობთ მორ მოპირდაპირე ფანჯარაში’
‘ჩატეხილი ორი კიბის და ფარღალალა კარის შუაში’’.
დედაქალაქმა ეს დიალექტი წლებია ტანზე შემოიხვია.
მამაჩემიც დღემდე დაეძებს მეგობარს, გვარით - წოწერია,
როგორმე უნდა გააბათილოს ნანახი კადრი:უპატრონო მიცვალებულს ფეხზე
ამ გვარის ლენტი აბია.
გითანაგრძნობთ, მაგრამ მაინც:
აქ ნუ დადგებით.
იყავით ასე კომპაქტურად ჩასახლებული,
იცხოვრეთ ,როგორც კეთროვანთა მოდგმამ მღვიმეში.
ოღონდ სენივით არ გადმოგვადოთ უსახლკარობა, უფულობა, უკმარისობა.
ხიდზ არ გადასცდეთ.
ნურც ძალიან გადმოიხრებით თქვენი ფორთოხლის ხეებივით.
დააკვირდით მხოლოდ დურბინდით: ვინ გაიარა თქვენს ეზოში,
თქვენი წყალი ვინ დალია,
ჯვარი დგას თუ წაქცეულია სასაფლაოზე.
აქ, მაგიდაზე, გადარჩენილი ფოტოები დევს:
ორსართულიან სახლს ღებავენ. ეშბას ქუჩა. 33.
გაზაფხული და სოხუმში მზეა.
თხუთმეტ წლიანი განსხვავებით - მეორე კადრიც.
ამავე სახლის აფეთქებული კედლებიდან ძაღლის მზერა ჩანს.
ნატრობს ქვიშაზე მოხარშულ ყავას ნაცნობი კაცი.
სოხუმში დღეს წვიმს. დილით ღელვა გამოაცხადეს.
აქ ნუ დადგებით.
აქაურობაც დანაღმულია.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე