ტექსტი

ჩემი ბრალია

ფირცხალაიშვილი ზაზა

385 ნახვა · დღეს 20

ვბრუნდები ისევ, 
აჩქარებით, 
არ ღირდა მოცდა...
თან დარდი მომაქვს 
მერამდენედ (მოჭრილი ხელის), 
ზღვასავით ღრმაა ნუგეშიო - მასწავლე, 
თუმცა,
არ შემიძლია, 
მეშინია 
თვალის გახელის.
დავდივარ, 
(დ)ახლებს 
შორისია ახლა ქალაქი, 
სახლთან ვარ თითქოს, 
თითქოს ვარ და სხვაგანაც მოვხდი,
სად არის ჩემი ქუჩები და ჩემი ბავშვობა?
სად არის ჩემი - 
სასახლეზე ლამაზი ქოხი?
ეგუებიან ავკაცები დროის ამინდებს,
აივნებიდან თვალს მიკრავენ უცხო ქალები,
სადღა მაქვს ნერვი, 
საკუთარ თავს თვალებს ვარიდებ,
და ფიქრი მსეტყვავს ცოდვასავით ვერტიკალებით.
ჩემი ბრალია -
დაგტოვე და ვერ გიპატრონე, 
შენი ბრალია - 
გამიშვი და იქნებ პირიქით,
აქ თითო-თითო გადარჩენილ კადრებს ვაგროვებ 
და ზღვისკენ მიმაქვს 
შერჩენილი ბოლო ბილიკით…

ვერ მოგისწარი, მორჩა!
სადღაც სიზმარში მოვხდი,
ჩემი საწყალი ქუჩა...
ჩემი ლამაზი ქოხი..

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე