ტექსტი

უ-შენობა

სადღობელაშვილი მარი

1066 ნახვა · დღეს 21

შეხე, მორყევია იატაკი
ხვალეს, ღრუბლებზე რომ მიშენებდი.
ახლა იმ სიზმარეთს მიღატაკებ,
უხვად რომ მიმკობდი, მიმშვენებდი.

როცა მოვახიე ყვითელგულას
შენზე ორჭოფობით__სამოსელი,
"არა-კიმ" ზღაპრულად გიერთგულა
და მეც სარეველა გამოვცელე.

ფრთები თეთრ ფარდაგად დაგიფინე,
შენ კი დამიღამე ნაფეხურით.
სიტყვა ჩიტებივით დაიფრინე,
გულზე დოლაბივით დამეხურე.

დღეს კი წვიმა არის ჩემი ჭერი,
ხსოვნა მცვივა დამჭკნარ ფოთოლივით
და მეც უშენობას შევიფერებ,
ღრუბლის ხუხულაში მოყოლილი...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე