ტექსტი

და მაინც

მაიაკოვსკი ვლადიმერ
ჩაენთხლა ქუჩა - როგორც ცხვირი სიფილისიანს. 
(მსუნაგის დორბლი - მდინარე ივლის.) 
ბოლო ფოთლამდე საცვლებს ისვრიან 
და უწვებიან ბაღები ივნისს. 

მე გამოვდივარ მოედანზე, 
გადამწვარ კვარტალს - 
ვით მწითურ პარიკს, დავიმხობ თავზე, 
ხალხს ეშინია, 
ჩემი პირიდან 
ფეხს შეუჭმელი ყვირილი აქნევს. 

მაგრამ არავინ განმსჯის და დამყეფს, 
ფერხთით ყვავილებს დამიფენენ! მხსნელად მოვედი! 
და ყველამ, ვისაც ცხვირი ჩაენთხლა, 
იცის - 
ეს მე ვარ - მათი პოეტი! 

როგორც დუქანი ისე მზარავს თქვენი სამსჯავრო, 
ცეცხლმოდებული შენობიდან მოთქმა-გოდებით, 
მე - ერთადერთს, წმინდანივით ამიყვანენ და 
თავისმართლებად წარმადგენენ ღმერთთან ბოზები. 

ისიც გადმოყრის ჩემს წიგნზე ცრემლებს, 
ვინ იცის, ცაზეც მისთვის გარბოდეს, 
რომ იღლიაში ამოჩრილი ჩემი ლექსები 
სულმოუთქმელად წაუკითხოს 
თავის ახლობლებს.

თარგმნა ნინო ქოქოსაძემ
პარტნიორი techbro.ge