ტექსტი

მესხის დაბრუნება

ტაბიძე გალაკტიონ

95273 ნახვა · დღეს 17

აი, განიბნენ
ცაზე ღრუბლები,
აგერ გამოჩნდა
მისი სოფელი,
განახლებული,
მთელ სამშობლოის
აღორძინებას
განუყოფელი.

აი, ჩონგური...
ალვის ხეებში
მოელვარე ქვის
თეთრი შენობა,
საწინდარია
იგი სიცოცხლის,
როგორც მომავლის
შუქთა ფენობა.

როგორ შეცვლილა
ძველი სოფელი.
ახალი სკოლა,
სასტუმრო, კლუბი,
შორიდან მოსჩანს
მრავალწლოვანი
უზარმაზარი
ფიჭვების ჯგუფი.

შეხედე, ძველი
ალვის ხეები
რა ლამაზია,
როგორ სწორია,
რა მიმზიდველად
თეთრ აივნებით
მოსჩანს ახალი
სანატორია.

მესხს სიხალისით
ევსება გული,
მას დაუბრუნდა
ის სიყმაწვილე;
ისიც რომ ახალთ-
ახალი ქვეყნის
მშენებელია
და მონაწილე.

1941


არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე