ტექსტი

გამარჯვებას თანაბრად სწერს

ტაბიძე გალაკტიონ

95272 ნახვა · დღეს 20

სამშობლოის გზას მრავალფერს,
შარაა თუ ვიადუკი -
გამარჯვებებს თანაბრად სწერს
თმაჭაღარა და ჭაბუკი.

მოხუცი არ გულმავიწყობს,
ახალგაზრდას ძალა სწვდება
და ორთავეს სურს დაიწყოს
ერთმანეთთან შეჯიბრება.

მოხუცს ქუდი წარბზე ხურავს,
ახალგაზრდას ცოტა გვერდად,
მაგრამ კედლებს და სახურავს
თავს ევლება ორივ ერთად.

სამშობლოის გზას მრავალფერს
შარაა თუ ვიადუკი -
გამარჯვებებს თანაბრად სწერს
თმაჭაღარა და ჭაბუკი.

1935

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე