ტექსტი

ჩვენში და მათთან

ტაბიძე გალაკტიონ

95238 ნახვა · დღეს 2

რას, რას იპოვი
აქ საზღვარგარედ,
რომ ის ჩასთვალო
მზედა და მთვარედ.
არ ღირს მსოფლიოს
მთელი სიმდიდრე
ერთ გაქროლება
სამშობლო მხარედ.

იქ ხომ გზა ცრემლით
არ ინამება,
არც სივრცეებზე
სწუხს შეღამება;
ჩვენში არც მწარე
მარტოობაა,
არც სასიკვდილო
არის წამება.

სტუმართმოყვარე
ჩვენ გვაქვს სახლები,
მათ ხალისიან
ღიმს ეახლები;
დეე შორიდან
კიოდეს ჭოტი
და თავგადაკვლით
ყეფდენ ძაღლები.

ჩვენი გზა ცრემლით
არ ინამება,
არც სივრცეებზე
სწუხს შეღამება.
დიდი ხანია
გათენდა, გულო,
დიდი ხანია
გაჰქრა წამება.

1935