ტექსტი

რეიმსი

ტაბიძე გალაკტიონ

95238 ნახვა · დღეს 2

ცისკრისას თოვლის
ეკიდა ქსელი,
იჩხვლიტებოდა
ყინვა, ვით ნემსი.

მოღუშულიყვნენ
ქუჩები სველი,
ბურუსში ძველი
ჩანდა რეიმსი.

თითქო სტიროდა
რეიმსის ზარი,
რომ ღიმილისთვის
დრო აღარ არი,

რომ მთელ ევროპას
ჩუმად ედება
რაღაც ახალი
თავგამეტება.

1935