ტექსტი

დაფნა

ტაბიძე გალაკტიონ

95270 ნახვა · დღეს 17

სურნელება ძველისძველი
ექსოვება ნიავებს,
პოეზიის ლაჟვარდ ცრემლით
სველი დაფნის ფოთოლი.

და ოცნება მოგონებას
იით მოაიავებს,
როს მეომარს შუბლს უმშვენებს
ნელი დაფნის ფოთოლი.

ნილოსის გველს უარესი,
მისი შხამის იავებს,
უფრო მძაფრად დაწურული
მწველი დაფნის ფოთოლი.

და ხანჯალით ხშირად ფარულ
მიზანს ულოლიავებს,
ოდეს ხედავს პოეზიას
ნელი დაფნის ფოთოლი.

1927

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე