ტექსტი

კვლავ აელვარდა ირმის ნახტომი

ტაბიძე გალაკტიონ
კვლავ აელვარდა ირმის ნახტომი
და აირია ზეცათა რუქა,
იქ საიდუმლო სულ-ანახდომი
სამარადისოდ გადაილუქა.

აქ კი ნამდვილი, ჩუმი, ზღაპრული,
გარინდებული მთების სვეტები,
სადაც მდევების სილუეტები
დგას ხან მრისხანე, ხან დაზაფრული.

1927