ტექსტი

* * * რა მიმზიდველი იყო ზღაპარი...

ტაბიძე გალაკტიონ

95279 ნახვა · დღეს 22

რა მიმზიდველი იყო ზღაპარი -
შორეულ ქალის, შორეულ გედის,
არ ვიქნებოდით ჩვენ თანაბარი
პალადინები ერთი იმედის.

მადლობა უფალს: არა ვარ რუსი,
ჩვენ გვაშორებდა მხოლოდ სართული:
რომ ჩემს ძარღვებში, წვეთი-ბურუსი
სისხლი არ არის არა ქართული.

მაგრამ ერთგვარად ხედავდა თვალი,
დაბინდებული ნისლით და ყინვით
და ერთნაირად ვიყავით მთვრალი
შენ შენი თოვლით, მე ჩემი ღვინით.

1925

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე