ტექსტი

საქართველოა ზურაბის ციხე

შონია ჯემალ

1720 ნახვა · დღეს 72

საქართველოა ზურაბის ციხე,
თვით ციხეები - თითო ზურაბი,
და როგორც სურამს ის ბიჭი, ისე
მიწას ჩაუკრავს მათი დუღაბი.

ცა იქცეოდა დედის გოდებით
და გაბასრული ხმლები ელავდნენ,
თითქოს კვნესოდნენ ტინის ლოდები;
"ვაი მუხლამდე, ვაი ყელამდე!"

ბევრჯერ მოედო სისხლის ყაყაჩო
და ნახმლევების ქვაზე ნავარდი
ყველას შემორჩა, მაგრამ არასდროს
არც ერთს არ უთქვამს: "ვაი გავთავდი!"

გახედე წარსულს, შიგ მოცახცახე,
შაოსან დედის ლანდი ირხევა,
მოდი ნუგეშად, მიდი, გასძახე:
"თვით ზურაბია, განა ციხეა?!"

უთხარი, რომ მზეს შეჰყურებს ისევ,
ათასი სევდის ამომძირკველი...
საქართველოა ზუარბის ციხე
და ზურაბივით დგანან ციხენი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე