ტექსტი

ალაზანთან

ტაბიძე გალაკტიონ

95272 ნახვა · დღეს 19

მთვარეში შავი შრიალებს ჩალა.
შავი ლეჩაქი დაეცა შარებს.
დამშვიდდი. სძინავს ალაზნის კარებს.
მთვარეში შავი შრიალებს ჩალა.
შენს მოგონებას, როგორც ეს ჭალა,
მთების დუმილი ამინანქარებს.
მთვარეში შავი შრიალებს ჩალა.
შავი ლეჩაქი დაეცა შარებს.
დამშვიდდი. ტალღებს მიანდე ნავი.
რაც დაიკარგა, ის აღარ მოვა.
აქვითინების დრო მერე მოვა.
დამშვიდდი. ტალღებს მიანდე ნავი.
განწირულებას არ მისცე თავი,
არ მოიზიდო ცრემლების თოვა.
დამშვიდდი. ტალღებს მიანდე ნავი.
ის - დაიღუპა. ის - აღარ მოვა.

1922

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე