ტექსტი

მდიდარი მემკვიდრის საიდუმლო

ტაბიძე გალაკტიონ

95269 ნახვა · დღეს 18

ის, უდაბნოში ნაპოვნი ბავში,
რომელსაც გული გაუხდა თუჯის,
იდუმალად დგას პროსპეკტის თავში
მემატიანე მაჩაბლის ქუჩის.

არვინ არ იცის, ეს ოცდაათი
წლის ღამეები სად გაათია.
ქალაქის კოშკის რეკავს საათი
და იგი ამბობს: ცხრა საათია.

ლურჯ ავტომობილს მან თვალი მოჰკრა
თეთრი ლანდების კეცით მკეცელი,
სად გაიტაცეს გრძნეული ოქრო?
რად სასიკვდილო დგას სარეცელი?

ქარებმა კარი შემოაჯახეს...
დაკრა გრიგალთა სიმამაცემა.
ო, ისტორია ერთი ოჯახის..
ერთი ოჯახის მწარედ დაცემა!!

ქარიშხლის შემდეგ სდუმს ჩემი მხარე
და უსაზღვრობა მე შევიყვარე.

1920

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე