ტექსტი

თვალს ნაზი და მთვარეული...

ტაბიძე გალაკტიონ

95268 ნახვა · დღეს 16

თვალს ნაზი და მთვარეული
აღელვებენ ლანდები,
ვიყავ ლხინში ჩარეული -
ღვინით თვალანანთები.

უცებ გაჩნდა ტრიანონის
კოშკში გულის ნდომანი,
დე-გრიესა და მანონის
სევდიანი რომანი...

მივაფრენდი ამაყ მერნებს,
ჭიხვინებდნენ მერნები, -
სასახლეებს და ტავერნებს
ცვლიდნენ სხვა ტავერნები.

და ვხედავდი, როგორ იღებს
სულს ვედრება ხალისის,
და ვხედავდი ცისფერ ნიღაბს
მხოლოდ ერთი ქალისას.

1920

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე