ტექსტი

ის დირიჟორი

ტაბიძე გალაკტიონ

95267 ნახვა · დღეს 15

ოჰ, ცრემლი მისი იყო მისივე
ეს ფარვანები მოცისფერო,
ღამით საწყლები რომ მოისევენ
და იწვებიან საბედისწეროდ.
იყო უბრალო, მაგრამ მართალი
მისი სიმღერა და სიარული,
და სამუდამოდ იყო ქართული
მისი ჰიმნები გენიალური.
ის ახლობელი იყო სულ შორი,
გამბედაობით სავსე, ძლიერი,
უნდა გენახათ ის დირიჟორი,
უდარებელი და მშვენიერი.

1919

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე