ტექსტი

მწუხარება

ტაბიძე გალაკტიონ

95265 ნახვა · დღეს 17

სიცოცხლით სავსეს, ოცნებაში მყოფს,
ის თავისთავად შემომეპარა,
მე განთიადის სხივებს ველოდი,
მზეს კი ღრუბელი გადაეფარა.
მე მსურდა გრძნობით დავწაფებოდი
სიცოცხლის წყაროს, ტრფობით აღბეჭდილს...
ახ... არ ვიცოდი, თუ საწამლავი
ნორჩ კუკურშივე ჩაჰკლავდა ყვავილს!
როცა სიცოცხლე ძალას მაძლევდა
და სამოქმედოდ მიწვევდა მარად,
რას ვიფიქრებდი, თუ მოგონებაც
გადმექცეოდა ტანჯვად და შხამად?
ნაზ ქსელში გაბმულს, ოცნებაში მყოფს,
ის თავისთავად შემომეპარა,
დაჰქროლა რისხვით ქარმა სასტიკმა
და გაზაფხული თვალს მიეფარა.

1909

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე