ტექსტი

მას სიკვდილის დროს ეჩვენებოდა

ტაბიძე გალაკტიონ

95271 ნახვა · დღეს 16

მას სიკვდილის დროს ეჩვენებოდა,
რომ სული, ხორცით განშორებული,
ცისა ლაჟვარდში დასრიალობდა,
სადაც შუქს ჰფენდა ვარსკვლავთ კრებული
და გადაცურდა უსაზღვრობაში
თავისუფალი, ფრთამოელვარე,
და დავიწყების წმინდა უფსკრულში
გადადნა ზრუნვა და ფიქრი მწარე...
და ღიმილს ჰგვრიდა მას ქვეყნიური
ყოველი ტრფობა, ყოველი ვნება,
რა უქმად სჩანდენ ყოფნის დღეები,
რა ფუჭი იყო კაცთა დიდება.
აქ არ სუფევდა კაცთ სიხარული,
არც კაცთა ვრცელი ტანჯვა-წვალება,
და სიკვდილის დროს გაჰქრა ყოველგვარ
გამოცანათა იდუმალება.

1914

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე