ტექსტი

„ხელსახოცსა გადმოგიგდებ“

ლეონიძე გიორგი

20043 ნახვა · დღეს 27

―“ხელსახოცსა გადმოგიგდებ,
ოქრომკედით მოქარგულსა“ .
― შიგ დამწვარ გულს ნუ გამიხვევ,
იოლად ნუ გზავნი ნურსად;
მე ისედაც ტვირთი მაწევს,
გზას ვერ ვიგნებ ბაიბურსა,
შენი გული რისთვის მინდა,
ჩემი როცა ჩაილურსმა!
”ხელსახოცსა გადმოგიგდებ...“
― ნუ, ნუ მახვევ ოქრომკედსა,
ნუ დამახრჩობ ხელსახოცით,
ლექსის ძარღვს ნუ დამიკეცავ,
სიმღერების ბოლი მახრჩობს,
მოგუბდა და ყელს მილეწავს;
შენი ოხვრა რისთვის მინდა,
შენი ტკბილი სინაზეცა!
„ხელსახოცსა გადმოგიგდებ
ოქრომკედით მოქარგულსა“!
― ნუ იმეტებ, მშვენიერო,
ნუ გაუშვებ მარტოს ნურსად,
თუ იმეტებ, გაიმეტე,
წყალს მიეცი ჩაილურსა,
შენი გული რაღათ მინდა,
როცა ჩემი ჩაილურსმა!
― ხელსახოცსა...
― ხელს გაკოცებ,
თუ გამიხვევ მუჭა ნუშსა!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე