ტექსტი

* * * ყოველი ფიქრი

ჩანტლაძე შოთა

8591 ნახვა · დღეს 21

ყოველი ფიქრი უსათუოდ კალმის წვერია,
ყოველი ლექსი უსათუოდ ცრემლის მელანი.
ო! რა ხანია ლექსი აღარ დამიწერია,
კვლავ მომენატრა ლექსის წერა მე.

ყოველი გრძნობა მოთარეშე წმინდა სხეულში,
ო! უსათუოდ არწივი არი.
ყოველი ლექსი ამ ქაღალდზე გადმოფრენილი
ჩიტია მცირე და ნაწვიმარი.
ყოველი ფიქრით გენიოსი ვარ მე უთუოდ,
ყოველი ლექსით საცოდავი ადამიანი
და ეს სირცხვილი აღარ ძალმიძს, ღმერთო, ვითმინო,
მოდი, სიკვდილო, გრიგალივით გადამიარე.

და ვისაც უნდა, რომ შემიცნოს, როგორც გენია,
ლექსებს ნურასდროს მიაჩერდება,
(თუ მიაჩერდა, მოუვლინოს ღმერთმა შენდობა)
თვალში ჩამხედოს, ღვთის სხივი რომ გადამფენია.

1952


არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე