ტექსტი

განთვავისუფლება

ფოცხიშვილი მორის

5865 ნახვა · დღეს 29

რა დილაა, რა დილა,
გავურბივარ ფიქრებს,
თამაშიდან გავდივარ,
დარდს ვემხრობი პირქვე.

რა დილაა, რა დილა,
ცა ზვარაკად მითხოვს,
ვკვდები ისე ადვილად,
ვიბადები თითქოს…

რა დილაა, რა დილა,
შუქით ვავსებ ჭიქებს,
წყვდიადიდან გავდივარ,
ფრთებს ღრუბლებში ვიქნევ.

რა დილაა, რა დილა,
ღმერთს თვალებში ვუმზერ,
ღვთისმშობელი დახრილა
და მირონს მცხებს შუბლზე.

მზე ყვავილად გაშლილა,
ვგრძნობ და ვეღარ ვხედავ,
რა დილაა, რა დილა
გულში მიკრავს დედა.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე