ტექსტი

საფიქრალი გამომიჩნდა

ჩიკვილაძე მარი

6999 ნახვა · დღეს 1

პატარა ვარ მაგრამ მაინც,
სახლში ბევრი საქმე მელის,
დღეს თოჯინას ვაცმევ კაბას,
ფერებიანს ცისარტყელის.

ხვალ პატარა იხვის ჭუკებს,
ჩავსვამ წყალში, ვაბანავებ,
და ძილის წინ მოვუყვები,
ჩვენს ფისოზე ახალ ამბებს.

- დღეს ცოტათი მოვიწყინე...
(ჩუმად მისმენს ჩემი მურა) -
სიყვარულის სუნი გაქვსო, - 
დედამ ყურში ჩამჩურჩულა.

არც ბაჭიამ, არც დათუნამ,
არც იმ მურამ, ძირს რომ იჯდა,
რა სუნია არ იციან,
საფიქრალი გამომიჩნდა.