ტექსტი

ჯამილა

ქადაგიძე ნინო

6013 ნახვა · დღეს 1

მე ვარ ჯამილა,
ასპადანა
ჰიჯაბით დამაქვს.
არაქათგაცლილ
მტვრიან ქუჩებს
თმებით ვაგრილებ.
აქ, წელიწადის ოთხივე დროს
გაზაფხული მყავს,
ხელის თითები მეკვირტება
როგორც მარტის ხეს.
მე ვარ ჯამილა,
ყვრიმალს ქვემოთ
მზე ჩამიდის -
ბიბილოებზე,
ნიკაპზე,
ყელზე,
შუაღამე ისხამს საფირებს.
ხან საიდანღაც ოქროს ჩიტი
მომიფრინდება,
თან თითო სურას წამიკითხავს,
თან დამაფიცებს :
ქუჩებს, გზებს, სახლებს,
თუნგებს, დოქს,თასებს,
მამებს, ძმებს, ბავშვებს,
იმამსაც, ქმარსაც ,
ბოლოს შარიათს.
(გინდა არ გინდა,
მაინც შარია)
შემახსენებს:
რომ ვარ ჯამილა,
და ასპადანა
ჰიჯაბით დამაქვს.