ტექსტი

* * * უსიკვდილოდ, უეჭველად

ჯავახაძე ვახტანგ

26997 ნახვა · დღეს 25

უსიკვდილოდ, უეჭველად,
უსათუოდ, უთუოდ,
კართან უნდა უდარაჯოთ,
ღამე უნდა უთიოთ.
უხმაუროდ, უსიმღეროდ,
უხმოდ, უსაზანდაროდ,
სულში უნდა ჩაიძვრინოთ,
ხელისგულზე ატაროთ.
უჯაროდ და უაჯამათოდ,
უეროდ და უბეროდ,
იის წყალი უნდა უსხათ,
სული უნდა უბეროთ.
ბარდი უნდა,
დარდი უნდა
აკრეფოთ და აცელოთ,
ნიავი არ მიაკაროთ,
თვალი არ მოაცილოთ.
არ გაზომოთ ტიტულებით,
რანგებით და ჩინებით,
გაუფრთხილდეთ,
გაუფრთხილდეთ
უნდა თვალის ჩინივით.
უნდა ლოცოთ,
სიხარულის
ცრემლით უნდა ატიროთ,
მუდამ, 
მუდამ, 
გულთან
გულით,
გულში უნდა ატაროთ.
1978

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე