ტექსტი

* * * ოსტატი ცდილობს

ჯავახაძე ვახტანგ
ოსტატი ცდილობს, მოძებნოს
შეცდომა დიდოსტატის,
ვერტიკალურად ოცნებობს,
ვერტიკალურად დადის.
ჭკუას ასწავლის ბადიშებს,
ადგენს ღიმილის ნორმას,
ქელეხშიც სკამებს პატიჟებს,
ქორწილში სკამებს ნომრავს.
დანომრილების კუთხურებს
იგერიებს და ასწრებს:
ვერტიკალურად კითხულობს 
ჰორიზონტალურ აზრებს.
არ ემზადება წინადღეს,
არაფრად აგდებს ამინდს,
არაწესიერ წილადებს
არ ეუბნება ამინს.
არ უყვარს პერიფერია,
უყვარს საკმევლის კმევა...
ხანდახან 
ჩემი მტერია,
ხანდახან
თვითნ მე ვარ.
1983
პარტნიორი techbro.ge