ტექსტი

* * * უგამყიდველო მაღაზიაში

ჯავახაძე ვახტანგ

26990 ნახვა · დღეს 20

უგამყიდველო მაღაზიაში
პამიდორების ხანძარი ენთო.
და ცეცხლის რიგში უსიტყვოდ იდგა
ორასზე მეტი მშიერი ვედრო.
ისე იღვროდა მუქი ალმური,
ვერ გაარჩევდი ვისმე და რასმე,
არ ისვენებდა ოთხასი ხელი -
თავგანწირული სახანძრო რაზმი.
უხმოდ გაჟონა ალმა სისხლივით,
უცებ მოედო ვეება კვარტალს,
ათასზე მეტი კოცონი ენთო
ყველა კიბესთან და ყველა კართან.
ყველამ ჩაცეცხლა თავისი წილი,
და როცა გაქრა შიში და ზაფრა,
უგამყიდველო მაღაზიაში
პამიდორების ხანძარი ჩაქრა.
1973

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე