ტექსტი

რომელსაც ვესავ

ქუთათელაძე გენრიეტა

969 ნახვა · დღეს 1

სხეული ჩემი, გამოფიტული და მომჩვარული
ჯერ კიდევ სუნთქავს,
ჯერ კიდევ ებრძვის შემორჩენილ უცხო უჯრედებს,
სამოც ტრილიონს აღმატებულმა უჯრედმა ერთმა,
მან ერთადერთმა გამწირა როგორ....
დისჰარმონიით დამასაჩუქრა და მომადუნა,
ვინ იყო _ მეთქი, ვისი გენი გამომყვა მეტად,
პაპის?
დიდედის?
დიდედის დედის?
გამოიღვიძეს რეცესიულმა გენებმა ჩემში,
აბობოქრდა ქრომოსომა და ბრძოლაში გამომიწვია...
მემკვიდრეობას შეცვლის ვერავინ,
დედამიწაზე სუყველანი ვულკანზე ვსხედვართ
და ამოფრქვევის ყრუ მოლოდინში
დნმ-ს ვშიფრავთ:
ცილები + ნუკლეინის მჟავები = ქრომოსომას,
ანუ ესაა მემკვიდრეობის მთელი მექანიზმი,
წამწამის ზომით,
თვალებით, სახით,
ტემპერამენტით და ხასიათით;
ხედავთ, ბატონო, ყველაფერი გავიგე სწორად
და მართლა მჯერა მემკვიდრეობის,
თუმც უფრო მჯერა ჩემი თავის,
ჰო, ჩემი ტვინის _
ღმერთის გონთან მომსგავსებულის,
რომელსაც ახლა ბრძანებას ვაძლევ,
არ შეეპუოს ქრომოსომების უწესო ქცევას,
ჩემს ხვედრს განსაზღვრულს
და გაიმარჯვოს....
მეკავშირეა განწყობა ჩემი და ნებისყოფა,
რომელთაც ვესავ....
და დღეებს ჩემსას უფერმკრთალდება
წყვდიადის ჩრდილი.